კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული
ინგლისურ–ქართულ–რუსული კავშირგაბმულობის ტერმინთა ლექსიკონი
კავშირგაბმულობის დარგში თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების მზარდი განვითარების პროცესში ლექსიკონის საჭიროება სრულიად ცხადია და დარგის განვითარების ობიექტური მოთხოვნებით არის განპირობებული. საქართველოში 20-40 წლის წინ გამოცემული კავშირგაბმულობის ტერმინოლოგიები სრულიად მოძველდა და აუცილებელ გახდა ლექსიკონის შექმნა კავშირგაბმულობის ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: მობილური კავშირი, ინტერნეტი, ბოჭკოვან-ოპტიკური, საინფორმაციო-ატელეკომუნიკაციოტექნოლოგიები,ტელერადიომაუწყებლობა და ა.შ. ამავე დროს, საქართველოს კავშირგაბმულობის დღევანდელი ქსელები (განსაკუთრებით ფიქსირებული, მაგისტრალური), ტელერადიოსამაუწყებლო ტექნოლოგიები ჯერ კიდევ რუსულ წარმოებისაა, რომ არაფერი ვთქვათ ამ ქსელების გაყვანის, აპარატურის მონტაჟის ნორმებსა და წესებზე. ასევე, უკანასკნელ ათწლეულში კავშირგაბმულობისა და ინფორმატიიზაციის (გამოთვლითი ტექნიკა, მართვის ავტომატიზებული სისტემები, ავტომატიკა და ტელემექანიკა და სხვა) შერწყმის გამო წარმოიშვა მრავალი საერთო ტერმინი; ბუნებრივია, ლექსიკონში აუცილებელია ასეთი ტერმინების ასახვაც.
შემუშავებული სამენოვანი კავშირგაბმულობაში ინგლისურ-ქართულ - რუსული და ქართულ-ინგლისურ-რუსული განმარტებითი ლექსიკონი ამ ეტაპზე მოიცავს 8500-ზე მეტ სიტყვას, ტერმინს და განმარტებას: ტელეკომუნიკაციის სადენიანი, უსადენო, მობილური კავშირის, რადიოტექნიკის, ინტერნეტის, საკომუნიკაციო–საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის დარგში სტანდარტიზაციის, სერტიფიცირებისა და მეტროლოგიის, ციფრული კავშირის, გადაცემის ბოჭკოვან–ოპტიკური სისტემების, ინფორმატიკის, საკანონმდებლო, ეკონომიკური და სხვა მიმართულებით.
ლექსიკონი გარკვეულწილად საცნობარო ხასიათისაა (არსებული სიტყვების ფარგლებში), მრავალი სიტყვა და ტერმინი საკმაოდ ვრცლად არის განმარტებული.
ლექსიკონით სარგებლობა, მისი დიზაინი (არქიტექტურა) მარტივი და მოხერხებულია. საჭირო სიტყვების მოძებნა შესაძლებელია როგორც ქართული, ისე ინგლისური ტერმინის აკრეფით.
ლექსიკონს გააჩნია ე.წ. გაფართოებული ძებნა, რომლითაც შესაძლებელია ტერმინების და მათი განმარტებების მოძიება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო დოკუმენტები; ევროპარლამენტის დირექტივა, სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ევროპული ინსტიტუტი, ადგილობრივი კავშირის სატელეფონო ქსელები და ა.შ. ამავე დროს, შესაძლებელია მიღებულ იქნას ინფორმაცია მოძებნილი ტერმინის წყაროს შესახებ. ლექსიკონის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ლერქსოკონის ავტორებს ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნოს მის მიერ შემუშავებული ტერმინი ან არსებული ტერმინის საკუთარი განმარტება, რაც სარედაქციო ჯგუფის მიერ განხილული და გათვალისწინებული იქნება.
ინგლისურ-ქართულ - რუსული განმარტებითი ლექსიკონი წარმოადგენს საპილოტე ვერსიას და მისი საბოლოო ვარიანტი დამუშავდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მონაწილეობით.
მიგვაჩნია, რომ ლექსიკონი სასარგებლო იქნება საზოგადოების ფართო წრისათვის, კავშირგაბმულობის ოპერატორების, დარგით დაინტერესებული ახალგაზრდობის, ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პროფესორ–მააწავლებლების, შესაბამის დარგებში მომუშავე სატელეკომუნიკაციო კომპანიების მენეჯერებისა და სპეციალისტებისათვის.
შემდგენლები: რ. სვანიძე, რ. სხირტლაძე, ა. ღლონტი