კითხვა / წერა

IDevice Icon


წაიკითხეთ ტექსტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ტურიზმის ექსპერტებთან. შეხვედრის თემა იყო ტურიზმის განვითარების გზები საქართველოში.

შეხვედრაზე ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ტურიზმის განვითარება სახელმწიფოში ძლიერი ეკონომიკის, საზოგადოების კეთილდღეობის საფუძველია. იქ მისული სტუდენტების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ ტურიზმის განვითარებისათვის ყველა პირობაა საქართველოში. მათი აზრით, ქვეყნის ბუნება და კულტურის ძეგლები ტურისტების მოსაზიდად სრულიად საკმარისია.

დღეს ამ საკითხზე საზოგადოებაში ბევრს კამათობენ. კამათი არის განსხვავებული აზრების გაცვლის პროცესი რამე საკითხზე. კამათს სხვაგვარად პაექრობასაც უწოდებენ. მოკამათეების, ანუ მოპაექრეების მიზანია, თავის მოსაზრებაში დააჯეროს მოწინააღმდეგე და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება.

დარბაზში ამ საკითხებზე კამათი დიდხანს გაგრძელდა.

საერთაშორისო ტურიზმის ექსპერტები არ ეთანხმებოდნენ სტუდენტების იმ ნაწილს, რომელიც ფიქრობდა, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის ყველა პირობა არსებობდა. ექსპერტთა დასკვნით, მიუხედავად უამრავი ღირსშესანიშნაობისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ძალიან ბევრი ძეგლი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ მოვლილი, ისინი თანდათან ნადგურდება. მხოლოდ ბუნების დათვალიერებით კი ტურისტებს ვერ მოიზიდავ.

ამ საკითხებზე ცხარე კამათის დროს ექსპერტთა დასკვნის საპირისპიროდ ბევრმა სტუდენტმა არგუმენტად ის მოიყვანა, რომ ხევსურეთი ტურისტებისთვის კარგი მარშრუტია და იქ მართლაც ბევრი უცხოელი ჩადის წლის განმავლობაში.

ექსპერტები დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ პირიქითა ხევსურეთში მართლაც პოპულარული ტურისტული მარშრუტია შატილი-ანატორი-მუცო-არდოტი, სადაც უკვე ორი წელია ზაფხულობით ხშირად ჩადიან უცხოელებიც, მაგრამ ისინი, სამწუხაროდ, რუკის მეშვეობით ძნელად იკვლევენ გზას. მათ არ ჰყავთ კვალიფიციური გამყოლიც კი. შატილის გარდა არც ერთ დანარჩენ ისტორიულ ძეგლს არ აქვს შესაფერისი აბრა, დანარჩენ ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკიც ზედმეტია. არ არის არანაირი პირობა თავის მოსაწესრიგებლად. ასევე პრობლემატურია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრის საკითხიც. ამ ტერიტორიაზე არ არსებობს ნაგვის ურნები. ხშირად უცხოელებს ნაგავი თბილისამდე ჩამოაქვთ.

ასეთ პირობებში ჩამოსული ტურისტების დიდი ნაწილი, ბუნებრივია, უკან დაბრუნებისას, თანამემამულეებს ხშირად არც ურჩევენ ასეთი ადგილების მონახულებას.

კამათის დროს ორივე მხარე შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას ძლიერი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარებისა, მაგრამ ამ დარგის განსავითარებლად საჭიროა უამრავი რამის გაკეთება. იმას, რაც ჩვენი გასაკეთებელია, რა თქმა უნდა, უცხოელი ვერ გაგვიკეთებს.

აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება. ტურიზმისათვის კარგი პირობების შექმნა საფუძველი იქნება ტურიზმის გაძლიერებისა, ამ დარგის განვითარება მოგვიტანს დამატებით შემოსავალს, რაც ქვეყნის ბიუჯეტსაც დაეტყობა.

ტურიზმის განვითარება მართლაც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია ეკონომიკის გაძლიერებისათვის, მაგრამ არა ერთადერთი.

შეხვედრის მონაწილეების აზრით, ეს თემა საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს, როცა კამათი საჯაროა, ე.ი. როცა კამათში საზოგადოების დიდი ნაწილი ერთვება, მაშინ ასეთ პროცესს დისკუსიას უწოდებენ.

კამათის, დისკუსიის დროს ორივე მხარეს აქვს არგუმენტები, რითაც იცავენ თავიანთ პოზიციას.

საჯარო შეხვედრებზე, სხდომებზე, კონფერენციებზე კამათს დებატებს უწოდებენ.

ასეთი შეხვედრების, დებატების გამართვის უპირატესობა ის არის, რომ განსხვავებული აზრების გაზიარებისა და მსჯელობის დროს საზოგადოება უფრო ღრმად იაზრებს პრობლემას და ხედავს მისი მოგვარების საშუალებებსაც.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.
  •   რა არის კამათი? რა არის დისკუსია? რა არის დებატები? დაწერეთ თითოეული მათგანის განმარტება.

  •  უპასუხეთ კითხვებს:

 _რა თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში?

_ტურისტების აზრით, რა გარემოებებია საქართველოში ტურიზმის ხელშემწყობი?

_ექსპერტების აზრით, რა უშლის ხელს საქართველოში ტურიზმის განვითარებას?

_როგორია მოპაექრეების აზრი საქართველოში არსებულ ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებით?


წაიკითხეთ ტექსტი

კამათი, დისკუსია, პოლემიკა

კამათი არის განსხვავებული აზრების გაცვლის პროცესი, რაიმე საკითხთან ან თვალსაზრისთან დაკავშირებული სიტყვიერი პაექრობა (შეჯიბრი). მოპაექრეთა მიზანია, თავის მოსაზრებაში დაარწმუნონ მოწინააღმდეგე მხარე ან მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება.

დისკუსია საჯარო კამათია. მისი მიზანია განსხვავებული მოსაზრებების, საკითხების შესახებ სიმართლის ანუ ჭეშმარიტების დადგენა, სწორი გადაწყვეტილების მიღება. D

დისპუტი ნიშნავს საჯარო კამათს, რომელიც იმართება სამეცნიერო ან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პოლემიკას, ეს არის კამათი, როდესაც არსებობს დაპირისპირება რომელიმე საკითხთან დაკავშირებით და მოკამათე მხარეები აზრებით, სიტყვებით „ებრძვიან“ ერთმანეთს. Aამ დროს ერთმანეთს ეკამათება ორი ან მეტი მხარე და თითოეული მათგანის მიზანი საკუთარი პოზიციის დაცვა და გამართლებაა.

პოლემიკა პრინციპულად განსხვავდება დისკუსიისა და დისპუტისაგან. პირველ ორ შემთხვევაში მხარეები ცდილობენ მივიდნენ ერთიან აზრამდე, მიიღონ საერთო გადაწყვეტილება და დაადგინონ ჭეშმარიტება, ხოლო პოლემიკის დროს მთავარია მოწინააღმდეგის დამარცხება.

ბოლო ხანებში აქტუალური გახდა დებატები, რომლიც კამათის ერთ-ერთი სახეა და გამოიყენება კონფერენციებზე, სხდომებზე, შეხვედრებზე რომელიმე საკითხის განხილვისას.

არსებობს კამათის სამი სახე:

1. კამათი-მონოლოგი (ადამიანი თვითონ სვამს სადავო

საკითხებს და თავადვე უპასუხებს);

2. კამათი-დიალოგი (კამათობს ორი ადამიანი)

3. კამათი-პოლილოგი (კამათში მონაწილეობს ორზე

მეტი ადამიანი)

კამათი შეიძლება იყოს ზეპირი და წერილობითი.

კამათის დროს ზუსტად უნდა განისაზღვროს განსახილველი(სადისკუსიო) საკითხი ანუ თემა დისკუსიის დაწყებამდე. კამათის დროს მიუღებელია ერთი საკითხიდან მეორეზე გადახტომა, კამათის ძირითადი საკითხის არაძირითადით, სხვა საკითხით შეცვლა. აუცილებელია, რომ მკაცრად განისაზღვროს მოკამათეთა პოზიციები და შეხედულებები. მოკამათეები ერთმანეთის მიმართ უნდა იყვნენ თავაზიანები. მოწინააღმდეგის დამარცხება შეიძლება ისე, რომ არ მივაყენოთ შეურაცხყოფა, მასხრად არ ავიგდოთ მათი აზრები. ოპონენტის განადგურება მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია მისი დათანხმება.

 

  • ამოიწერეთ ახალი სიტყვები, მოიძიეთ ლექსიკონში და განმარტეთ.

  •  ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინეთ 10 წინადადება.

  •  გადმოეცით წერილობით წაკითხულის შინაარსი.

  •  უპასუხეთ კითხვებს:

 
_რა ეწოდება განსხვავებული აზრების გაცვლის დროს სიტყვიერ პაექრობას?

_რა არის პოლემიკის მიზანი?

_რით განსხვავდება დისკუსია და დისპუტი პოლემიკისაგან?

_რა არის დაუშვებელი კამათის დროს?