- ქალბატონო ელენე, თუ შეიძლება, მოკლედ მოგვახსენეთ საქართველოს კანონმდებლობის იმ ძირითადი ასპექტების შესახებ, რომლებიც აწესრიგებს რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსს საქართველოში.
- სიამოვნებით. საქართველოს კონსტიტუცია – ქვეყნის ძირითადი კანონი – განსაზღვრავს საქართველოში რელიგიისადმი დამოკიდებულების მთავარ პრინციპებს, აგრეთვე განამტკიცებს პიროვნების სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. კონსტიტუციით სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას.
- გარდა ამისა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონსტიტუციავე არეგულირებს, რომ რელიგიურ საფუძველზე არ შეილახოს სხვა პიროვნებების უფლებები.
- რასაკვირველია. კონსტიტუციის მეორე თავის მე-19 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ამასთანავე, კონსტიტუცია ადგენს, რომ აღნიშნულ თავისუფლებათა შეზღუდვა დაუშვებელია, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
- თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, როგორია განსხვავებული რელიგიური კუთვნილების წარმომადგენელთა ურთიერთობა კანონის წინაშე.
- კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად მისი რელიგიური შეხედულებებისა, ისევე, როგორც თითოეული საქართველოს მოქალაქე თანასწორია სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა (თავი მეორე, მუხლი 14; მუხლი 38).
- დაბოლოს, როგორ უზრუნველყოფს განათლების სისტემა რწმენის თავისუფლებას ქვეყანაში?
- ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“. საქართველოში სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს განათლების სისტემის გამიჯვნას რელიგიური გავლენისაგან. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა ნებისმიერი რელიგიის და რელიგიური ორგანიზაციის გავლენისაგან. დაუშვებელია საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის განთავსება, გარდა აკადემიური მიზნებისა. კანონმდებლობა, ასევე, ითვალისწინებს მექანიზმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რელიგიური ორგანიზაციების გავლენისაგან დაცვის მიზნით. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ (2004 წლის 20 დეკემებრი) კრძალავს უმაღლეს სასწავლებელში რელიგიური ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების შექმნას. ისევე, როგორც სკოლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც აკრძალულია რაიმე ფორმის დისკრიმინაცია, მათ შორის - რელიგიურ ნიადაგზე.
- დიდი მადლობა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისათვის.