მოვუსმინოთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინება გამოგადგებათ, რომ საჯარო გამოსვლა საინტერესო, ეფექტური და დასამახსოვრებელი იყოს:

• საჯარო გამოსვლის ტექსტი წინასწარ მოამზადეთ და რამდენჯერმე გადაიკითხეთ. შეხედეთ მას „უცხო თვალით“ და ამოიღეთ ტექსტიდან ის ნაწილები, რომლებიც მოსაწყენად, უინტერესოდ ან ძალიან რთულად გეჩვენებათ.

• წინასწარ მიაწოდეთ ის ინფორმაცია მსმენელებს, რომელიც შეიძლება არ იცოდნენ, აუხსენით ტერმინები, რომლებიც შეიძლება ახალი იყოს მათთვის.

• გამოიყენეთ სადა და ნათელი ენა. თავი აარიდეთ რთული ენობრივი კონსტრუქციებისა და ტერმინების გამოყენებას.

• თქვენი მთავარი შეტყობინება, იდეა, რამდენჯერმე გაიმეორეთ სხვადასხვა ფორმით, დარწმუნდით, რომ აუდიტორიამ ის სწორად გაიგო.

• გაახალისეთ თქვენი პრეზენტაცია საინტერესო ისტორიებით, ფაქტებით, ცნობილი გამონათქვამებით, რომლებიც თქვენს საპრეზენტაციო თემას უკავშირდება.

• იუმორი ძალიან ახალისებს გამოსვლას და, რაც მთავარია, დამსწრე საზოგადოებას, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ის ბუნებრივია და კარგად შეჩეული, არ შეიცავს შეურაცხმყოფელ შინაარსს.

• საპრეზენტაციო ტექსტის რაოდენობა იმის მიხედვით განსაზღვრეთ, თუ რამდენი დრო გაქვთ გამოყოფილი. არ დაგავიწყდეთ, რომ გარკვეული დრო დაგჭირდებათ მისალმებისა და მადლობის გადახდისათვის.

• ნუ იტყვით ისეთ რამეს, რისი დამადასტურებელი ფაქტებიც არ გაქვთ. თითოეული გამონათქვამის დაგეგმვის დროს მოფიქრებული უნდა გქონდეთ მისი დამადასტურებელი ფაქტები.

• იყავით აუდიტორიასთან მუდმივ კონტაქტში. დაუსვით მათ კითხვები და გულდასმით მოუსმინეთ, სიტყვის თქმის პროცესშივე ჩართეთ პატარ-პატარა დისკუსიები. შეინაჩუნეთ თვალებით კონტაქტი მთელ აუდიტორიასთან.

• ნუ წაიკითხავთ მთელ ტექსტს, ასე მოუმზადებლის შთაბეჭდილებას დატოვებთ და აუდიტორიასთან კონტაქტსაც დაკარგავთ.

• გამომსვლელმა უნდა შეარჩიოს საუბრის ტემპი. თუ თქვენ ძალიან სწრაფად ისაუბრებთ, აუდიტორია ვერ გაიაზრებს თქვენს ნათქვამს. ძალიან ნელა საუბრის მოსმენა კი მოსაწყენია. შეარჩიეთ საშუალო ტემპი.

• შეუქმენით მაქსიმალური კომფორტი აუდიტორიას - არ ისაუბროთ არც ძალიან ხმამაღლა და არც ძალიან ხმადაბლა.

• გახსოვდეთ, რომ აუდიტორიის ნდობას იმსახურებენ გამომსვლელები, რომელთა ხმასა და ტონში თავდაჯერებულობა იგრძნობა.

• იზრუნეთ თქვენს ვიზუალურ მხარეზე - გამომსვლელი უნდა გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად და აკურატულად.