_ XII-XIII სს ერთიანი და ეკონომიკურად ძლიერი ფეოდალური საქართველოს განათლებამ, მეცნიერებამ და კულტურამ მაღალ დონეს მიაღწია.
_ ბატონო დავით, რა როლი ითამაშა განათლებამ და კულტურამ ქვეყნის ისტორიაში?
_ ქართულმა კულტურამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში და მის განვითარებაში, პროგრესში.
_ რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც, პოლიტიკურ და ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად, ხელი შეუწყო ქვეყნის განვითარებას?
_ ცნობილია, რომ, ზოგადად, ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს სწავლა-აღზრდის, განათლების მდგომარეობაც. „ოქროს ხანის“ საქართველოში განათლებას უდიდესი ყურადღება ექცეოდა. იმ დროს სკოლები ძირითადად ეკლესია-მონასტრებთან არსებობდა. საქართველოში მრავლად იყო რიტორიკული სკოლები. საქართველოში სასკოლო განათლების საქმეში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბიზანტიური განათლების სისტემის ახლო გაცნობამ.
_ ისიც ცნობილია, რომ იმ დროს საქართველოში უმაღლესი განათლების კერებიც არსებობდა.
_ დიახ, არსებობდა აკადემიები, რომლებშიც, ისევე როგორც იმდროინდელ ბიზანტიის უმაღლეს სასწავლებლებში, ისწავლებოდა მეცნიერების შვიდი ძირითადი დარგი: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა,გეომეტრია, მუსიკა და ასტრონომია. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ საქართველოს იმდროინდელ აკადემიებში ისწავლებოდა აგრეთვე მედიცინაც.